***

Categories: კატეგორიის გარეშე

თვალს რომ ვახელ, უკვე დაახლოებით 2 საათია. საათი ახლოს არ მაქვს, მაგრამ არც მჭირდება – საათს ზეწარზე გაჩენილი ნაკეცების მიხედვით ვცნობ. ძაღლს ვაჭმევ, პირს ვიბან, ლოგინს ვალაგებ და ჩემში საგონებელი იჩენს თავს, რა ვჭამო? ამ კითხვაზე პასუხი უკავშირდება ბევრ სხვადასხვა კითხვას: რა ვჭამე გუშინ; რომელი საათია (2 საათია); რას შევჭამ შემდეგ და ა.შ. ეს ფიქრები ახალგაღვიძებულზე საკმაოდ მძიმედ მაწევს, მაგრამ მახსენდება რომ ყავის დალევა შემიძლია. ყავა მყისვე ანაცვლებს გამოცანას საკვების შესახებ და ჩემთვის წმინდა გრაალი ხდება. ყავას რომ დავლევ ყველაფერი დალაგდება, ყავა გამიხსნის შეკრულ კოპებს, ყავა თვითონ მიკარნახებს შემდეგ ნაბიჯებს. რაც მთავარია, ყავა შემამზადებს იმისთვის რაც არც ყავამ იცის და არც მე ვიცი.