cupid

Categories: კატეგორიის გარეშე

დავდივარ და ვიტრინებში ჩემი ანარეკლის გარდა, სხვა ვერაფერს ვხედავ. თვალებს ვჭუტავ და მაინც ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაიელვებს რამე მბზინავი, იქით, შუშის მეორე მხარეს. მე რასაც ვეძებ, არ ბზინავს.

 ბავშვობის სანუკვარი სათამაშოს ვერ მიღება და მისით ვერ დატკბობა, ერთი შეხედვით არც ისე მნიშვნელოვანია. მე ათასობით თამაში მითამაშია და ისინი აღარც კი მახსოვს. კაცუნები და მათი მომტვრეული კიდურები, რომლებიც ცალკე ყუთში მეწყო, შესაძლოა ახლა ხელში კალმისტრის სახით მეჭიროს. ამის დანამდვილებით თქმა გაჭირდება, მე არ მაქვს თითოეული ნივთის წარსულზე წვდომა. ყოველი ნივთი რომელიც ჩემ ხელში ხვდება, ლამაზია ან გამოყენებადი, მაგრამ მე მათთვის კითხვის დასმის უფლება არ მაქვს. მათ როგორც წესი, ხშირად დასმულ შეკითხვებზე გაცემული მზა პასუხები მოჰყვებათ, მაგრამ ისინი ვერ ამოწურავენ ჩემ ცნობისმოყვარეობას. რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად კომბალი, რომელსაც ჯოხისგან გამოვთლი და თავში ჩავარტყავ ძაღლს, რომელიც უმიზეზოდ გამომეკიდება, მაგრამ ეს კომბალი ერთია, ჩემი სათამაშოები კი ბევრი.

 ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი იყო. პლასტმასის მშვილდ-ისარი, რომლითაც ვერც გაისვრიდი და ალბათ ორიოდ დღეში თავსაც მომაბეზრებდა, მაგრამ იყო მასში რაღაც, რამაც ჩემში სურვილი აღძრა. რომაული ზღაპრების წიგნიდან დამამახსოვრდა კუპიდონის სურათი რომელიც ფსიქეას უმიზნებდა თავის ჯადოსნურ ისარს, ალბათ იქიდან ჩამრჩა…

 ამ ძებნაში დამწუხრება დაიწყო და დავიღალე, მხოლოდ იმიტომ დავიღალე, რომ ვიცი იმ მშვილდ-ისარს ასე ხეტიალით ვერ მივაგნებ. ამის მიზეზი ის კი არაა, რომ ფეხით მთელი დედამიწის შემოვლას ვერ შევძლებ, არამედ ის რომ ის მშვილდ-ისარი შეიძლება ახლა ჩემი სათვალე იყოს, რომლითაც ჩამავალ მზეს ვუყურებ.


    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *