კორონავირუსი – ახალი მანიფესტი კაცობრიობას, თუ კიდევ ერთი მოკლე ჩართვა?

Categories: კატეგორიის გარეშე

News guy wept and told us,
Earth was really dying
Cried so much his face was wet,
Then I knew he was not lying

D. Bowie

21-ე საუკუნეში პირველი გარდატეხის ასაკი რამდენიმე წლით დაგვიგვიანდა, მან 20 წელს მიტანებულს მოგვიწია. სამაგიეროდ მასში ჰორმონებიც უფრო მოჭარბებულად დაგროვდა და ერთიანადაც იფეთქა. ინდივიდუალურ დონეზე ბევრმა ისეთმა პრობლემამ იჩინა თავი, რომელიც ჩვენთვის უცნობი ან შეუმჩნეველი იყო: საჭმლის ვერ მოპოვების შიში და ცარიელი დახლები მაღაზიებში; გადაადგილების შეზღუდვა და მოყვასთაგან იძულებითი განრიდება; საყვარელ საქმიანობათა ვერ განხორციელება და ამით გამოწვეული შინაგანი სიცარიელის შეგრძნება. ტრანსნაციონალურ დონეზე კი ნათლად გამოჩნდა პათოლოგიური ქცევის სტრუქტურა: ინფორმაციის დაგვიანებული გადაცემა სხვა ქვეყნებისთვის; სოლიდარობის ნაკლებობა თვით იდეოლოგიურად მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნებს შორისაც კი (ევროკავშირის მიერ გაწირული იტალია).

 კორონავირუსის გამომწვევი ნამდვილი მიზეზების დადგენა ჯერ-ჯერობით გაგვიჭირდება (ეს სტატია ამ მიზანს არც ემსახურება), დაავადების მიერ გამოწვეული სრული რეზონანსის კვლევა კი მხოლოდ წლების შემდეგ, რეტროსპექტივაში გახდება შესაძლებელი. დღევანდელი მოცემულობით ნათლად შეგვიძლია დავინახოთ ის მანკიერებები, რომელთა მატარებელიც ეს სისტემაა (შესაბამისად თითოეული ჩვენგანიც). უამრავი სხვადასხვა მოვლენით დახუნძლულ ცხოვრებაში, გამოგვითავისუფლდა ფანჯარა, რომლიდანაც შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი ყოფა, ამჯერად სხვა თვალით. მთავარი კითხვა ალბათ იმაში მდგომარეობს, ვართ თუ არა საკმარისად მოქნილები და ახალ რეალიებს შეცვლილები შევხვდებით, თუ ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ გარემოსა და ბუნების მოქნილობის შემოწმებას?

 მოქნილობა და გარემო პირობებთან შეგუება შემთხვევით არ მიხსენებია, ადამიანი დედამიწაზე გაბატონებული სიცოცხლის ფორმა სწორედ იმიტომ გახდა, რომ ადაპტაციის ყველაზე კარგი უნარი აღმოაჩნდა. ადამიანთა წინაპრები (აქ: ჰომო ჰაბილისი) არც ყველაზე ჭკვიანნი იყვნენ, არც ყველაზე სწრაფნი და ძლიერნი, მაგრამ მათ გააჩნდათ ერთი  მახასიათებელი, რომელმაც საბოლოოდ სხვა არსებებზე ჩვენი პრიმატი განაპირობა – საუბარია ოფლიანობაზე. დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ დედამიწა ე.წ გაგრილების ფაზაში შევიდა, რაც ნალექის კლებას გულისხმობს. ნალექის კლებასთან ერთად იკლო ტყის საფარის მოცულობამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში (იქ, სადაც ჩვენი წინაპრები ბინადრობდნენ), მათ მაგიერ კი გაშლილი მდელოები წარმოიშვა. ჩვენი წელში მოხრილი ბებია-ბაბუები, რომლებიც მარჯვედ დახტოდნენ ხიდან ხეზე და სხვადასვა სახის გემრიელ ნაყოფს მიირთმევდნენ, ახლა განიერ მინდვრებზე აღმოჩდნენ, სადაც ბანანები ძირს აღარ ეყარა. მათ მოუწიათ ორივე – ერთი მხრივ ნადირობის სწავლა და მეორე მხრივ სხვა მტაცებლებისგან გაქცევის სტრატეგიების შემუშავება. ევოლუციის მთავარმა კანონზომიერებამ – სწრაფვამ გამრავლებისკენ, ის გამოიწვია რომ ჰომო ჰაბილისს უფრო დიდ დისტანციებზე, უფრო სწრაფად გადაადგილება დასჭირდა საკვების მოსაპოვებლად. რამდენი სული ჰომო ჰაბილისი აღმოჩნდა ხმალკბილა ვეფხვის (sabertooth), ან სხვა უფრო დიდი მტაცებლის ნადავლი, ამის ზუსტად თქმა რთულია, თუმცა აშკარაა რომ დამქანცველმა სირბილმა ჩვენს წინაპრებში გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები გამოიწვია. ბევრი სირბილისგან გახურებულ სხეულს ეფექტური “გაგრილების სისტემა” სჭირდებოდა და საოფლე ჯირკვლებიც სწორედ ამიტომ დაიხვეწა (ბანჯგვლიც დაიყარა). ამ ერთ, მნიშვნელოვან ცვლილებას შედეგად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვა – ტვინს, რომელიც სიცხის მიმართ ყველაზე სენსიტიური ორგანოა, სწორედ განვითარებულმა “გაგრილების სისტემამ” მისცა გაზრდის საშუალება. 2 მილიონ წელიწადში ტვინის ზომა გასამმაგდა და დღევანდელი ადამიანის ტვინის ზომამდე მივიდა. შემდეგ სერიებში, რა და როგორ მოხდა ყველას კარგად მოგვეხსენება – ქვის იარაღი, ცეცხლი, ბორბალი, ღობე, ხვნა-თესვა, ტყვია-წამალი, მატარებელი და ა.შ. როგორც ვნახეთ, კლიმატური პირობების ცვლილებებმა ჩვენს წინაპარში ფიზიოლოგიური გარდატეხა გამოიწვია და ისეთი ინსტინქტები გააღვივა, რომელიც სხვა ცხოველებთან დაპირისპირებაში გადამწყვეტი გამოდგა. თუ რატომ “გავიმარჯვეთ” ასეთ ველურ პირობებში კონკრეტულად ჩვენ და რატომ აღმოგვაჩნდა საუკეთესო ადაპტაციის უნარი სხვებთან შედარებით, შეიძლება ცალკე სტატიის (სხვა ჭრილში) განხილვის საგანი გახდეს.

 ბუნებრივ კატაკლიზმებს და გარემოს მიერ შექმნილ გამოწვევებს საკმაოდ მარჯვედ შევხვდით და შევეწყვეთ, მაგრამ არანაკლებ ეფექტურად  მოვახერხეთ ჩვენივე გამოწვეულ პრობლემებთან შეჭიდება. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებების ქარცეცხლით იყო მოცული. განვითარების გარკვეულ დონემდე მისულ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მახათი დაუბლაგვდათ და უმახათოდ დარჩენილნი ქვების სროლაზე გადავიდნენ. თუ აქამდე ქვების სროლა ძირითადად უფლის სახელით ხდებოდა, ამჯერად ლეგიტიმაცია ცივილიზაციის განვითარებაში მოიძებნა (დაბალი რასების გაწყვეტა). თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა მწარედ იგემა ომის მძიმე შედეგები, მთელი მოსახლეობის დაახლოებით 2% პირველ, ხოლო 4% მეორე მსოფლიო ომს შეეწირა. მსოფლიო თანამეგობრობამ გადაწყვიტა, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორებულიყო – დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა მსოფლიო მშვიდობისა და ჰუმანიტარული წესრიგის უნზრუნველყოფისთვის. მას შემდეგ რაც ომობანა აიკრძალა, ქვეყნები ღობის სხვადასხვა მხარეებიდან თავიანთი ახალი სათამაშოებით აშინებდნენ ერთმანეთს (კუბის კრიზისი და ცივი ომი), მთლიანობაში კი ქვეყნებს შორის ომების რიცხვმა მოიკლო და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა ყოვლად აღიარებულ პრინციპად დამკვიდრდა – იმ ქვეყნებსაც კი, რომელთაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდათ, გარკვეული სპექტაკლის თამაში უწევდათ, რათა სანქციებისგან თავი აერიდებინათ.

 გაეროს დაარსებამ და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წევრობამ, გამოიწვია ერთიანი განვითარების ვექტორის წარმოშობა. ვექტორის მთავარი შემადგენელი სხივი როგორც დრომ აჩვენა დემოკრატიულ განვითარებაზე უფრო მეტად ეკონომიკური ზრდა აღმოჩნდა, კერძოდ კი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება (ლიბერალური კერპთაყვანისმცემლობა – higher, faster, stronger). წამყვანი ქვეყნების ტერიტორიული და სამხედრო ექსპანსიები, ეკონომიკურმა ექსპანსიებმა ექსკლუზიურად ჩაანაცვლეს – გაქრა საჭიროება სხვების ცეცხლითა და მახვილით დაპყრობისა, ახლა ეკონომიკური დომინაციაც საკმარისი გახდა (კოლონიალიზმის დასასრული). აქვე უნდა აღინიშნოს რომ ცეცხლსა და მახვილს მტვრის ფენების დადება დიდი ხნით არ ემუქრებოდათ – დიდმა სახელმწიფოებმა თავიანთი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, დემოკრატიის სახელით, პატარა სახელმწიფოებში სამოქალაქო ომების პროვოცირება მოახდინეს (ავღანეთი, ერაყი, სირია და ა.შ), ჯამში სამოქალაქო ომების რიცხვი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცალსახად გაიზარდა. რაც შეეხება წარმოებას, ქვეყნები უმაღლეს ბრუნვებზე გადავიდნენ და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიარტყა (1960-იანი წლებიდან). მაგრამ ერთი შეხედვით მაგიური დატვირთვის მატარებელ მშპ-ს, ბნელი მხარეების  მთელი კასკადი გააჩნდა: ის სრულად უგულებელყოფდა სოციალურ და ეკოლოგიურ კატეგორიებს და მხოლოდ ეკონომიკის მოცულობაზე იყო კონცენტრირებული. მშპ-ს შეუძლია გაზომოს თითქმის ყველაფერი – დაწყებული სიგარეტის რეკლამაში გაღებული ხარჯებით, გაგრძელებული სპეციალური საკეტების (ან თუნდაც რაკეტების) წარმოების მოცულობით და დამთავრებული გიგანტური სექვოიების ტყეების ჩეხვაში დახარჯული ბიუჯეტით. სამაგიეროდ, მშპ-ს არ შეუძლია გაზომოს ჰაერის სისუფთავე, ჩვენი ცვალებადი სულიერი მდგომარეობები და თუნდაც ის სტრესი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ქვეყნის მშპ-ს მოხვეჭისას განიცდის.

 საერთაშორისო ასპარეზზე გაჩაღებული ეკონომიკური ბრძოლა და შეჯიბრებითობის პრინციპი ძალიან მალე ინდივიდუალურ დონეზეც გადავიდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ადამიანებმა თავისი ცხოვრების გაზომვა ეკონომიკურთან მიახლოებული ფაქტორებით განაგრძეს. თუკი შუა საუკუნეებში ადამიანის მოქმედება უმეტესწილად გარე ფაქტორებით იყო განპირობებული (ოჯახი, რელიგია, სოციალური კლასი), თანამედროვე რეალობაში გარედან მოხვეული იძულება გაქრა და იგი თვითიძულებამ ჩაანაცვლა. ადამიანი დაემსგავსა ბიზნესმენს რომელიც ყოველ თავის მოქმედებას აფასებს როგორც მომგებიანს ან წამგებიანს. ამ პროცესს ხელი რეკლამის ინდუსტრიის აღზევებამაც შეუწყო, რაც იმას ნიშნავდა რომ ადამიანს მეტი ნივთის ფლობის სურვილი გაუჩნდა, იმ ნივთების რომლებიც თავიანთ შეფუთვაზე მეტი “გამარჯვებების” მოტანას ჰპირდებოდნენ. ნივთი ამ შემთხვევაში პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, აქ შეიძლება ახალი უნარ-ჩვევების შესწავლაც ვიგულისხმოთ (ახალი ენები, სპორტის სახეობები და ა.შ). ამ ტენდენციის ნათელმყოფელი მაგალითები ბოლო წლებში მომრავლდა, სხვადასხვა ტიპის “ქოუჩების” და მენტორების პოპულარიზაცია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აპრობირებული სპირიტუალური პრაქტიკების გამოყენებით მეტ პროდუქტიულობას და წარმატებას გვპირდებიან (მედიტაცია და იოგა – მეტი პროდუქტიულობისთვის).  ადამიანი რომელიც მუდმივი თვითოპტიმიზაციის პროცესშია, მშვენიერი ჭანჭიკია გიგანტური ძრავისთვის, რომელიც არ ჩერდება: წარმოება კონკრეტულ მიზნებს აღარ ემსახურება, წარმოება წარმოადგენს თვითმიზანს როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეებზე.

 ზემოთ მოყვანილი ორი, სრულიად განსხვავებული დროის მონაკვეთი, ერთი შეხედვით ამტკიცებს იმ მოსაზრებას რომ ადამიანი და მისი წინაპარი მართლაც შესანიშნავად პასუხობდნენ სხვადასხვა გამოწვევებს, მიუხედავად იმისა დაბრკოლებებს ბუნება ჰქმნიდა, თუ თვითონ ადამიანი. თუმცა მეორე შემთხვევაზე დეტალურად სასაუბროდ საკმარისი არც დრო გასულა და არც მონაცემები დაგროვებულა. ჩვენ ვხედავთ და საკუთარ ტყავზე განვიცდით უფრო და უფრო ხშირ კრიზისებს, მათი კორელაცია ადამიანის საქმიანობასთან ხშირ შემთხვევაში დადებითია.

 70-იანი წლებიდან მოყოლებული მეცნიერთაგან ვისმენთ გაფრთხილებებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. თუკი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კაცობრიობის გადაშენების საფრთხე ბირთვულ იარაღთან და ომებთან იყო დაკავშირებული, მეორე ნახევრიდან აშკარა გახდა რომ ჩვენი ცხოვრების წესი ბიოსფეროს დიდ ზიანს აყენებს და ეს ასე მარტივად არ შეგვრჩება. რესურსების მოხმარების ყოველწლიური მოცულობით დედამიწის აღდგენით უნარებს უკვე 80-იან წლებში გადავაჭარბეთ. ტერმინი Overshoot (უხეში თარგმანი – გადაცდენა) სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებას ნიშნავს, რაც ან კოლაპსით მთავრდება, ან ბუნებრივი კატასტროფით (ერთი მეორეს არ გამორიცხავს).

 Overshoot-ის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია ოზონის შრის ისტორია მოვიხსენიოთ: 1930-იანი წლებიდან მოყოლებული მაცივრების და კონდიციონერების გაგრილების სისტემა ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადებს ეფუძნებოდა, ამავდროულად მაცივრების და კონდიციონერებს გაყიდვები ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობდა (11% ყოველწლიურად). 1974 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კველავში, მეცნიერებმა დაასკვნეს რომ ქფნ-ს მოლეკულები  ოზონის (ქიმიური ელემენტის, არა ფრანგი რეჟისორის) განსაკუთრებული მტრები არიან და ძალიან მალე დედამიწის სტრატოსფეროში არსებულ ოზონის შრეს შევიწროება დაემუქრებოდა. შეგახსენებთ რომ ოზონის შრე ულტრა-იისფერი სხივების არეკვლაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც მართალია ადამიანისა და სხვა კომპლექსური ორგანიზმებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ერთუჯრედიანი ორგანიზმებისთვის ფატალურ შედეგებს იწვევენ. ოკეანე სავსეა ერთუჯრედიანი ორგანიზმებით, რომლებიც პლანეტის საკვებ ჯაჭვში და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ ყური არ შეიბერტყა ამ გაფრთხილებაზე და სულ რაღაც 10 წელიწადში, 1984 წელს მეცნიერებმა ოზონის შრის 40%-იანი დაპატარავება დააფიქსირეს – NASA-მ კი ერთ-ერთი თანამგზავრის ობიექტივიდან ანტარქტიდის თავზე გაჩენილი ოზონის ხვრელის შესახებაც შეიტყო. კიდევ სამი წელიწადი გავიდა სანამ 1987 წელს, მონრეალში საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნები ქფნ-ის გამოყოფის შემცირებას კისრულობდნენ. ამ ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და სსრკ არ შეურთდნენ, ჩინეთს მილიონობით ოჯახის მაცივრით მომარაგება ახალი დაწყებული ჰქონდა, ხოლო სსრკ-ს ეკონომიკური მოდელი ასეთ სწრაფ ცვლილებაზე ადაპტირებას ვერ ასწრებდა. ისტორია რომ შევამოკლო – მხოლოდ 2000 წელს მოხერხდა ქფნ-ის გამოყოფის ნორმის ფარგლებამდე ჩამოწევა, ანუ პირველი სამეცნიერო პუბლიკაციიდან 26 წლის შემდეგ. ოზონის შრე კი თავისი დისტროფიკული მდგომარეობიდან, ნორმალურ დონეზე 2050 წლისკენ დაბრუნდება.

 შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი აქტუალური კრიზისი და Overshoot-ი: არქტიკა და მისი რეკორდული ტემპით დნობა (პარალელურად ზღვის დონის მატება); მსოფლიო ტყის საფარის კლება და ზრდადი ხანძრების რაოდენობა; სხვადასხვა ვირუსების წარმოშობა და მათი არაპროგნოზირებადობა და სხვა. იმისთვის რომ ეს მოვლენები ადამიანის მოქმედებასთან დავაკავშიროთ, საკმარისია ჩვენი სისტემის იმ თავისებურების გახსენება, რომელზეც რამდენიმე აბზაცით ზემოთ მოგახსენეთ. ვინაიდან წარმოების პროცესი სრულად ავტომატიზირებულია (არა ტექნოლოგიის, არამედ ინერციის თვალსაზრისით) და მას საბოლოო დანიშნულება არ გააჩნია, ის სივრცე სადაც წარმოებული კაპიტალი შეიძლება გასაღდეს, ვიწროვდება. შევიწროვებულ კორიდორში კედელთან დაჯახება უფრო მოსალოდნელია ვიდრე გაშლილ სივრცეში და ხანდახან ეს დაჯახება შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს რომ კედლები დაანგრიოს კიდეც. მოკლედ – ჩვენი სისტემის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ მას განადგურება სჭირდება, რათა შემოქმედება შეძლოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ განადგურებისა და შემოქმედების ციკლი (წარმოების თვალსაზრისით) იმდენად შემოკლებულია, რომ დედამიწა ნანგრევების შეწოვას და შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის სახით მოწოდებას ვეღარ ახერხებს.

 დღეს, ბიოსფეროს დასაშვებზე თითქმის ორჯერ მეტი დატვირტთვა ადგება. მისი თავდაცვითი რეაქცია წარმოშობილი ბუნებრივი კატაკლიზმების და თუნდაც ვირუსების სახით, აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩვენ პანდორას ყუთი მაშინ გავხსენით, როცა ზრდა ფაქტიურად საყოველთაო რელიგიად გამოვაცხადეთ. უსასრულობისკენ მიმავალ ამ უცნაურ გზაზე, ადამიანებიც გვემატებიან – 2050 წლისთვის ჩვენ 10 მილიარდი ვიქნებით, დედამიწა კი უფრო მძიმდება. მთავარ საყრდენად ტექნოლოგია ავირჩიეთ, რომელიც თავისთავად კონსტანტას არ წარმოადგენს და ისიც მუდმივ განახლებას საჭიროებს. მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ლიდერები პრობლემებს არ სცნობენ – მაგალითად დონალდ ტრამპმა ამ საუკუნის უმნიშვნელოვანესი პარიზის შეთანხმებიდან, რომელიც ეკოლოგიურ გამოწვევების საპასუხო ნაბიჯებს ეძღვნებოდა, აშშ სულაც გამოიყვანა. მისი დასაბუთება ის იყო, რომ გლობალური დათბობა მითია და აშშ-ს ეკონომიკა რამდენიმე ტრილიონი დოლარის ზარალს ნახავდა ამ ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში – ეკონომიკური ზრდა ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტული აღმოჩნდა. კორონავირუსის მწვავე მიმდინარეობის დროსაც არ წყდება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების მიერ გაჟღერებული “დამამშვიდებელი” ლოზუნგები, სადაც ისინი ძალიან მალე ცხოვრების “ნორმალურ” რეჟიმში გაგრძელებას გვპირდებიან. აზრიანი იქნება საუბარი და პირდაპირი მოქმედება, რომელიც მიმართულია ერთიანი, ზენაციონალური ორგანოს შექმნისკენ, რომლის უმთავრესი მიზანია ბიოსფეროში მოქმედი სტიქიების ჰარმონიაში მოყვანა (სხვა ფორმულირება, იმავე შინაარსით ასევე მისაღებია J) და მხოლოდ ამ პრინციპიდან გამომდინარე სხვა პრიორიტეტების განვრცობა (თუნდაც ეკონომიკური ზრდის). მაგრამ თუკი მსოფლიო ცნობიერება იმ დონეზე გაიყინა, რომ ზრდა უალტერნატივო (ანგელა მერკელის საყვარელი სიტყვა) გზად ცხადდება, მაშინ ჩვენი ცხოველური ინსტინქტების გარდა არაფრის იმედი უნდა გვქონდეს.

 შეიძლება პარადოქსადაც ჩავთვალოთ, რომ ერთადერთი რაციონალური არსება მთელ პლანეტაზე, ახლა ცხოველური ინსტინქტების გამოღვიძების იმედადაა. თუკი ჩვენი ratio ვერ მიდის იქამდე რომ კეთილდღეობისთვის გაგვაერთიანოს, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, ბუნება ჩაერთოს საქმეში. სიტყვა გამოღვიძება კი შემთხვევით არ მიხსენებია, მომრავლებული კატაკლიზმები გამოღვიძებისთვის ყველაზე ეფექტური ზომა აღმოჩნდა – პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანთა ფართო წრეში ბუნების წიაღისადმი ლტოლვა გაღვივდა. მიუხედავად იმისა თუ რა გვგონია კორონავირუსის გაჩენის მიზეზი, ის არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი სილა, რომელიც დედამიწამ გაგვაწნა. კორონავირუსი მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა იმ მთლიანობისა რომელშიც ვცხოვრობთ, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის შექმნილია იგი თუ ღამურის ცურცლიდან აღმოცენებული.

 ჩვენ, ყველას მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ვირუსის შემდეგ. უამრავი ჩვენგანი საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის, კიდევ უფრო მეტი პროფესიას, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები იქნება ის, რაც ადამიანური სახეობის მომავალს განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება არ გაგვაჩნია და ქცევის ლამაზად შეფუთულ, მზა ნიმუშებს კვლავაც მოგვაწვდიან, ერთადერთ თავისუფლებად და საჭიროებად ყოველ წამიერი სიფხიზლე გვრჩება.

 იმედი ვიქონიოთ რომ კორონა თუ არა, რომელიმე შემდეგი ვირუსი ან კრიზისი მაინც მიგვახვედრებს ყველას, რომ ისინი შემთხვევით მოვლენას არ წარმოადგენენ და მათ საფუძვლად კომპლექსური რეაქცია-უკურეაქციების ჯაჭვი უდევს, რომელშიც დამნაშავენი ჩვენ თვითონვე ვართ. სხვა შემთხვევაში უნდა ველოდოთ იმ უკიდურესს სცენარს, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ერთგული, მაგრამ მიძინებული ადაპტაციის უნარი გაგვიძღვება გადასარჩენად და ბევრ ოფლსაც დაგვაღვრევინებს, იმ ოფლს რომელმაც ოდესღაც გონიერ არსებად გვაქცია.