i1

Categories: კატეგორიის გარეშე

ზაფხულის ქალაქი აივნებით ცოცხლობს, მაშინაც კი როდესაც აივნები ცარიელია. აივანი მზის შემოტევის პირველი დაცვის ხაზია და ამაყად ამცნობს მეტოქეს, რომ სიცოცხლის ამობუგვა ასე მარტივად არ გამოვა.

 აივანი ადგილია საიდანაც სხვა აივნები მოჩანს, ზოგი ცარიელი და ზოგიც დასახლებული. დასახლებული აივნების მცირე ფართი, ტანსაცმლის საშრობი რკინის კონსტრუქციებით არის დაკავებული და მათ შორიახლოს, ყოველდღიურ რეჟიმში დიასახლისები ფუსფუსებენ. ეს წელიწადის ის დროა, როდესაც მშრომელ ტანსაცმლის მშრობელებს, იმის შემოწმებაც კი არ სჭირდებათ გაშრა თუ არა ტანსაცმელი, მიზანდასახულად მიდიან საშრობთან და ტანსაცმელს პირდაპირ ხსნიან. დიასახლისთა სიჩქარე ამ საქმის კეთებისას მათ ჩაცმულობაზეცაა დამოკიდებული, მოღეღილ სარაფნებში აივანზე გამოფენილნი თავს ხშირად უხერხულად გრძნობენ და თავიანთი ბინის ჩრდილში დაბრუნებას ჩქარობენ. აივნებზე მათ გარდა ტრუსების ამარა მოტანტალე მამაკაცებიც ბინადრობენ, რომელთაც ხელში ტანსაცმლის დასტების მაგივრად ანთებული სიგარეტი ან ტელეფონი უჭირავთ. ამ ორი სახეობის მზერები ხშირად იკვეთება და დიასახლისები მოქმედების სიჩქარეს უმატებენ, გარდა იმ თამამი გამონაკლისისა, როცა შავ საძილე კაბაში გამოწყობილი გარუჯული ლამაზმანი ტანსაცმელს აუღელვებლად ხსნის და თან წვრილ სიგარეტს სანდომიანად ეწევა.

 აივნები თავისებური სივრცეა, რადგან ბევრი ადამიანის მზერას ერთდროულად უმიზნებს ერთმანეთს. ყოველი აივნის ბინადარი, ერთდროულად საკუთარ პირად სივრცეშია, მაგრამ ამავდროულად მისი არსებობა სხვებთანაც იკვეთება, რაც იმას ნიშნავს რომ იგი გარკვეული პასუხისმგებლობითაც არის აღჭურვილი. მაგალითად აივანზე გინება არ დაიშვება, რადგან მეზობლის ბავშვის ყურები იქვე აივანზე შეიძლება ეგდოს. არ შეიძლება გვიან ღამით მურაბის ქილების რახარუხი, რადგან იმავე გარუჯულ ლამაზმანს ახალშობილი ბავშვის ჭმევა ახლად დასრულებული აქვს და მის დაძინებას ცდილობს. მცენარეების გარეთ გამოდგმა და მორწყვა კი, ალბათ აივანზე გამოსვლის ყველაზე გამართლებული და მისასალმებელი ფორმაა. ეს მოქმედება ხშირად მოპირდაპირე სახლის აივანზეც სარკისებურად მცენარეების მომატებას იწვევს.

 დიდი განსხვავებაა ძველი და ახალი სახლების აივნებს შორის. ახლებზე მტვრის გადაწმენდის და დასუფთავების ცერემონიალი უფრო ხშირია, რადგან ჯერ კიდევ პრიალა და სავსე ზედაპირებზე ჭუჭყი სწრაფად გროვდება. ძველი აივნების ღრიჭოები კი ხშირად იმდენად ღრმაა, რომ მათ ჭუჭყის კვალი ამოვსებამდე არ ეტყობათ. სწორედ ამიტომ, დროის სვლასთან შეგუება ძველ ბინადრებს უფრო კარგად გამოსდით. მათ საკუთარ აივნებზე იწვნიეს სიახლის წარმავლობა და მიუხედავად გადაკვეთილი მზერებისა, ამ შეგრძნებას მოპირდაპირე, ახალ სახლში მობინადრეებს ვერ გაუზიარებენ, სანამ ისინი ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს თავიანთ აივნებზე არ იგრძნობენ რაიმე მსგავსს.